კახათის N1 საჯარო სკოლის მეათეკლასელი ქეთი ჩახაია ნიჭიერი შემოქმედი და საინტერესო ახალგაზრდაა. მხატვრობა და საყვარელი მხატვარი, ფოტოგრაფია, მწერლობა, მუსიკა…-აი, რაზე საუბრობს ქეთი ჩვენთან. – მე ვარ ქეთი ჩახაია, 15 წლის, ვეტრფი შემოდგომას და ვემსახურები ხელოვნებას, უფრო სწორედ, მხატვრობას, ფოტოხელოვნებასა და მწერლობას. ვისწრაფვი პოლიგლოტობისკენ და ამ ეტაპზე რიგით მე-5 ენას ვსწავლობ. -ვინ არის შენი საყვარელი მხატვარი? -ახალგაზრდა იტალიელი მხატვარი, ვინმე მარკო გრასი. მოკლედ თუ განვიხილავ, ის ჰიპერრელისტი მხატვარია, რომლის ნამუშევრებშიც მიკროდეტალებიც კი მკვეთრადაა გამოსახული. ჩემი საყვარელი მიმართულებაც ჰიპერრეალიზმია, რომლის დაუფლებასაც დიდი შრომა სჭირდება. -რომელი მხატვრის გავლენა იგრძნობა შენს ნამუშევრებში? -შეიძლება უცნაურად გაიჟღეროს, მაგრამ მხატვრის – არც ერთის, ჩემზე გავლენას უფრო ხშირად მწერლები ახდენენ. -ყველაზე მეტად შენი რომელი ნამუშევარი გიყვარს? -ჩემს თითოეულ ნამუშევარში დევს რაღაც ჩემეული დეტალი, აქედან გამომდინარე, მათი გარჩევა ჩემთვის მეტად ძნელია. -ვიცი, როდესაც ხატავ, უსმენ მუსიკას… -მელომანი ვარ, შესაბამისად, ხასიათს გააჩნია, რას მოვუსმენ ხატვის პროცესში, ბოლო დროს, ჩემი არჩევანი, უმეტესად ჯაზზე ან საერთოდ, პოეზიაზე ჩერდება. -რა გჭირდება ნამუშევრის შესაქმნელად? -ამ კითხვაზე, ყველაზე ხშირი პასუხია სიტყვა „მუზა”, მაგრამ არა ჩემთან, იმიტომ, რომ დიდი ხნის გააზრებული მაქვს, არ ღირს მოტივაციაზე იყო დამოკიდებული, ის, რაც მე მჭირდება, მხოლოდ იმის ცოდნაა, რომ საკმაო დრო მაქვს შექმნისთვის და აჩქარება არ დამჭირდება. -შენი ფოტოხელოვნებაც არანაკლებ შთამბეჭდავია… -იმდენად პატარა ვიყავი, არც კი მახსოვს, როდის დაიწყო ჩემი დაინტერესება ფოტოხელოვნებით. ყოველთვის მაინტერესებდა გადაღებებთან დაკავშირებული იდეები. ფოტოებს, ხშირად, უმცროსი ძმა მიღებს, სხვა შემთხვევაში, ჩემით მიწევს ყველაფრის მოგვარება, ანუ, ჩემით ვიღებ… -რატომ გადაგყავს შენი თავი სხვადასხვა ეპოქაში? -ერთ-ერთი იმათთაგანი ვარ, რომელთაც ჰგონიათ, რომ მცდარ ეპოქაში მოევლილნენ სამყაროს და ამასთან ერთად, ხვდებიან, რომ ეს არც ისე მართებული აზრია. ფოტოხელოვნებით კი, საკუთარი თავის წარსულში „დაბრუნებას” ვცდილობ, ცოტა ხნით მაინც. -მწერალი, რომელიც მოგწონს? -ერთ დროს, ერნესტ ჰემინგუეიმ თავისი წიგნით „განუყრელი დღესასწაული” საერთოდ სხვანაირად შემახედა შემოდგომისთვის და გასული საუკუნის 20-იანი წლებისთვის. ჩემთვის საყვარელი მწერლის წოდება სწორედ მას ეკუთვნის. -პოეზია გიყვარს… – იაკი კაბესა (იგივე ირაკლი კაკაბაძე) და მის სტილს ვანიჭებ უპირატესობას, რომელიც ქართული და იაპონური სტილის შერწყმით იქნა მიღებული. -ვიცი, შემოდგომა გიყვარს… -როგორც უკვე ვთქვი, ერნესტმა შემახედა სხვანაირად შემოდგომისთვის. ამის გარდა, ალექსანდრე პუშკინს ეკუთვნის ერთი ფრაზა, რომელიც სრულიად აღწერს ჩემს პიროვნებას: „ყოველ შემოდგომაზე თავიდან ვიფურჩქნები”. არ ვიცი, რაზეა ეს დამოკიდებული, მაგრამ მართლაც, ყოველ ჯერზე ამართლებს. -რა არის შენი მთვარი მიზანი ცხოვრებაში? -მაქვს ერთი მთავარი მიზანი: 10-15 წლის შემდეგ ვიღვიძებდე და ვხვდებოდე, რომ ვარ იქ, სადაც ჩემი ადგილია, ვურთიერთობ იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ვვითარდები და საერთოდ, ვაკეთებ იმას, რაც სიამოვნებას მანიჭებს. მე ვიცი, ასეთ მომავალს დიდი მუშაობა სჭირდება, მაგრამ ყველაფერი ჩემს ხელშია, მხოლოდ ჩემს ხელში. სალომე ნარმანია, ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის „სარკმელის“ წევრი
რა საერთო აქვთ საბა ახალაიას და მუჰამედ ალის?
საბა ახალაია 18 წლისაა და უკვე საკმაოდ წარმატებული თავის საქეში,- ის საქართველოს სამგზის ჩემპიონია კრივში და იმავდროულად, არაერთი თასისა და მედლის მფლობელი გახლავთ. – კრივი ბავშვიბიდან იყო შენი გატაცება? -არა, ბავშვობაში მინდოდა ცნობილი ფეხბურთელი გამვხდარვიყავი. მაგრამ მუჰამედ ალის ვიდეოებს რომ ვადევნებდი თვალს და ვისმენდი იმას, თუ როგორ უყვარდა ხალხს, მინდოდა მეც ასეთი გავმხდარვიყავი და ჩემზეც ასეთი ემოციებით ესაუბრათ. – როგორ ფიქრობ გაქვთ თუ არა რამე საერთო თვისება შენ და მუჰამედ ალის? -კი, ორივენი ბოლომდე ვიბრძვით გამარჯვებისთვის. – და რამდენი ხანია ამ სფეროში მოღვაწეობ? – 4 წელია. – რა არის მთავარი ამ სფეროში წარმატების მისაღწევად? – თავდადება, მონდომება, შრომა და ბრძოლისუნარიანობა. – რამდენ ქვეყანაში იყავი? – ოთხ ქვეყანაში ვიასპარეზე და მხოლოდ რუსეთში დავმარცხდი, რაზეც გული მწყდება. – გქონდა კი გამარჯვების შანსი? – კი, შანსი საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ ემოციებს ავყევი… თუმცა ეს კარგი გაკვეთილი იყო. ამ დამარცხებამ მასწავლა, როგორ ვაკონტროლო ემოციები სწორად და მაჩვენა ისიც, თუ რაოდენ ტკბილია დამარცხების შემდეგ გამარჯვება. – შეგხვედრია თუ არა დაბრკოლებები წარმატებისკენ მიმავალ გზაზე? -კი. ერთ-ერთ ბრძოლაში, ხელი მოვიტეხე, შემდეგ მომიწია მოტეხილი ხელით გამეგრძელებინა ბრძოლა გამარჯვებისთვის. – და ამ მოტეხილი ხელით საბოლოდ მოიგე ბრძოლა… -კი, მოვიგე… – რა როლი უჭირავს ოჯახს შენს საქმიანობაში? – ძალიან დიდი! ჩემი ოჯახი ჩემი გამარჯვების სტიმულია, ისინი ძალას მმატებენ, რაც აუცილებელია ჩემი წარმატებებისათვის. – საბა, მადლობა, არ დავიზარებ შენს წარმატებებზე ვწერო. – მადლობა, ნანა, შენც წარმატებებს გისურვებ შენს მომავალ პროფესიაში. ნანა თოლორაია, „სარკმელი“
ჩემი მასწავლებლის ყვავილნარი
შორენა ღურწკაია პროფესიით პედაგოგია,-კორცხელის საჯარო სკოლაში მუსიკას ასწავლის. გატაცებულია ხელოვნებით. უყვარს მცენარეები, უამრავი სახეობის ოთახის ყვავილს უვლის. ერთ, მოსაწყენ კორონადღეს, შორენა მასწავლებელს გადაუწყვიტია, შეექმნა ისეთი გარემო, სადაც საღამოობით, შეძლებდა, მეგობრებთან ერთად, ყავის დალევას, საუბარს, კითხვას, მუსიკის მოსმენას. სწორედ ეს იყო მოტივაცია, რამაც გადაადგმევინა ეს ნაბიჯი: “ერთი წელიც არ არის, რაც დავიწყე ეზოს გალამაზება, ქუჩა-ქუჩა დავდიოდი, რომ შესაფერისი ქვა მეპოვა, თუნდაც ერთი ცალი, რომ ნაოცნებარი დიზაინით შექმნილი მოზაიკა დამესრულებია. მინდოდა, ოჯახის წევრებს, მეგობრებს და სტუმრებს სასიამოვნო გარემო დახვედროდა ღია სივრცეში. ეს სურვილი განსაკუთრებით პანდემიის დროს გამიმძაფრდა და შესაძლებლობაც მომეცა მეტი დრო დამეთმო ჩემი ბაღისთვის.” შორენა მასწავლებლი ამბობს, რომ მისთვის, ამ საქმეში, საყრდენი ძალა ოჯახია, რომელიც მუდამ მის გვერდითაა. მაგალითად, მისი იდეითა და დიზაინით, მისმა ვაჟიშვილმა, მის ბაღს, ულამაზესი ქვის ღობე შემოავლო. ყველაზე მეტად, მასთან ერთად, მისი უმცროსი ქალიშვილი, კორცხელის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე, ნინო ტრიალებს. ის, გულშემატკივრობს ყველაზე მეტად და მუდამ ცდილობს, დედას ეზოში მუშაობისას, ხელი შეაშველოს. შორენა მასწავლებელს და ნინოს, ეზოსა და ყვავილების მოვლის ახალი გეგმები გაუჩნდათ პანდემიის პერიოდში,- მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული გრაფიკი ჰქონდათ, ჰქონდათ დრო ფიქრისა და ახალი იდეების ხორცშესასხმელად. გთავაზობთ, რამდენიმე ფოტოს შორენა მასწავლებლისა და ნინოს მიერ ერთობლივად შექმნილი ბაღიდან. ნანა თოლორაია, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი”
“ვტოვებთ სასახლეს და ვრჩებით სასახლეში”
ისინი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიზარდნენ, მის ოთახებში გათამამდნენ და იპოვეს საკუთარი თავი, მის სცენაზე გაიარეს და გმირებად იქცნენ, სასახლის პედაგოგებისგან შეგულიანებას, სიყვარულს და გამხნევებას გრძნობდნენ მუდამ. სკოლის შემდეგ აქ მოუხაროდათ, მთელი ქალაქის თანატოლები აქ გაიცნეს და თავისნაირები აქ აღმოაჩინეს. პირველი სიყვარულიც აქ გაამხილეს. ცხოვრება ბევრ დეტალს შლის მეხსიერებიდან, მაგრამ მათ სასახლე არასდროს დაავიწყდებათ. და ამბობენ კიდეც “ჩენ მივდივართ სასახლედან, მაგრამ ვრჩებით სასახლეში”, “მაშ, დროებით… არა, ნახვამდის…” საბა ჯანჯღავა, მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი”, თეატრალური სტუდია “შთამომავლები”: “წარსული სხვაგვარი იყო, გაურკვეველი, მომხიბლავი… წლები, რომლებმაც ტკივილიც მოგვაყენა, მაგრამ ბევრი გვასწავლა. რომ არა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის უხილავი ძაფი უგვზოუკვლოდ გაქრებოდა, სასახლე ყველაფერია, რაც პრიორიტეტულია ახალგაზრდების ცხოვრებაში-სიცელქე, სილაღე, ურთიერთობები, განათლება… მე და სასახლეს რაღაც ენითაღუწერელი ურთიერთობა გვაქს და დიდი სიყვარული გაგვაჩნია, სასახლე ყველაზე ღირებული ადამიანების შეძენაში დამეხმარა. ჩემი მეგობრების, მათთან ერთად გატარებული წლების გახსნება კი ბედნიერების მორევში მაგდებს და ამავდროულად ცრემლიანი თვალებით სრულდება… მიყვარს თითოეული პედაგოგი, თითოეული პიროვნება, რომელმაც რაღაც შთამაგონა, რომელმაც შესძლო და მაჩვენა ის ღირებულებები, რომლის გარეშეც ცხოვრება შეუძლებელია, ისღა დამრჩენია მათი ყოველი ,,წარმატებები’’, ,,მე მჯერა შენი’’ სისრულეში მოვიყვანო და ცხოვრების ახალ ეტაპზე იმედები არ გავუცრუო. ძალიან მიყვარხართ!” ნანო ქოქოსაძე, მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი”: “ჩემი და სასახლის ურთიერთობა თითქმის ოთხ წელიწადს გაგარძელდა. თავიდან იყო მორცხვი ნაბიჯები „სარკმელში“, პირველი ინტერვიუ, ახალი სახეები, შვიდამდე საყმაწვილო ჟურნალი და ერთ-ერთის რედაქტორობაც… მიხარია, რომ ვიყავი ამ ჯგუფის ნაწილი, სასახლესთან ერთად ვიმოგზაურე: ბორჯომში, რაბათში, ვარძიაში, ყვარელში, ვანში, ვარიანში, სვანეთსა და შეკვეთილში. ვიყავი „მედია ფესტივალი 2017“-ისა და „მედია ფესტივალი 2019“-ის მონაწილე, „ფენმარათონი” 2017-2018-2019-ის მონაწილე და ვგეგმავ „ფენმარათონი2020“-ში მონაწილეობასაც. ვმონაწილებდი „ნორჩი მკვლევარი 2017“-სა და ნორჩი „მკვლევარი 2019“-ში. სასახლემ მომცა უდიდესი გამოცდილება, გამაცნო ახალი ადამიანები და შევიძინე შეუცვლელი მეგობრები. მივდივარ ცხოვრების ახალ გზაზე და სასახლიდან მიმყვება სიყვარული და სითბო, რაც ყოველთვის, ისევ მომიზიდავს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისკენ”. ლაზარე ლაშხია, წმ.გიორგის სახელობის გიმნაზია, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი”, თეატრალური სტუდია “შთამომავლები”: “დადგა დღე, რომელსაც 12 წელი ველოდი, თუმცა მრჩება სიცარიელის განცდა, რომელიც ჩემს მოგონებებთან ასოცირდება. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, სკოლა, მეგობრები ეს ყოველივე ჩემთვის დაუვიწყარია… იმედი მაქვს, ისინიც არასდროს არ დამივიწყებენ და მჯერა, რომ სულ ჩემს გვერდით იქნებიან.” კესო ფირცხელავა, მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, თეატრალური სტუდია “შთამომავლები”: “მივდივარ სასახლიდან” და მიმაქვს უდიდესი გამოცდილება, რომელიც მაჩუქა ამ მნიშვნელოვანმა ადგილმა. მადლიერი ვარ სიყვარულისთვის, ბედნიერებისა და ცოდნისთვის, რომლის უშრეტი წყაროები არიან ჩვენი რეჟისორი, ქალბატონი ნონა ტოტოჩავა და იქ შეძენილი უმნიშვნელოვანესი მეგობრები”. ნიკა კუჭავა, მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი”: ,,დრო მიდის, კადრები კი რჩება’’,- ახლა, როცა ამ წერილს ვწერ, არსებობს ერთი ნათელი სურვილი, რომელიც ნოსტალგიით, ამავე დროს კი, სიამაყითაც მავსებს, ესაა მოსწავლე ახალგაზროდბის სასახლეში დაბრუნება. მოგონებები, რაც იქ გატარებული დროის მანძილზე დავაგროვე, მუდამ მემახსოვრება, როგორც ლამაზი დღე ყველაზე მრავალფეროვან სამყაროში, რომელმაც იცის როგორ გასწავლოს სიყვარული, შეგძინოს გამოცდილება მრავალმხრივ და შეიტანოს წვლილი შენს პიროვნულ განვითარებაში. ალბათ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ეს სიტყვაც კი ცოტაა იმის სამადლობელად, თუ რამხელა გარდაქმნა მოხდა ჩემში ჩემი სასახლეში მოსვლის პირველი დღიდან. ბევრი გავიცანი, ბევრთანაც დავახლოვდი, იყო არშემდგარი ურთიერთობებიც, მაგრამ სასახლესთან მიმართებაში ამას არავითარი გავლენა არ მოუხდენია. თუკი სასახლის რომელიღაც ერთ კუთხეში ჩემი სახელი და გვარი წერია, სიამაყით ჩემი თავის მიმართ კი არ ვივსები, არამედ სასახლის მიმართ, რადგან იგი ერთ-ერთი იმათგანია, რომელმაც ასეთ პიროვნებად მაქცია, აღმოაჩინა ჩემში ის, რაც მე თვითონაც არ ვიცოდი. ამიტომაც, ეს მოგონებები გულში იმხელა სიხარულს მიტოვებენ, რომ თითქმის შეუძლებელია მისი რამით გადაფარვა, იგი თითქოს სამარადისო, უცვლელი აღმოჩენაა, რომელიც აუცილებლად უნდა გამომეცადა”. სესილი ალშიბაია, მეშვიდე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი” : “მე ის ადამიანი ვარ, რომელიც ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ყველაზე საჭირო დროს მოხვდა, მაშინ, როცა ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება ისწავლოს აზრის თავისუფლად გამოხატვა და მიზნების სწორად დასახვა. ჟურნალისტთა კლუბი „სარკმელი“ ჩემთის არის ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად შევძელი განმევითარებინა საკუთარი „მე“. მივდივარ სასახლიდან-მოგონებებით, გამოცდილებითა და თავდაჯერებულობით სავსე…” ალექსანდრე ფიფია, მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული: “მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დიდ ოჯახს დაწყებით კლასებში შევუერთდი. პირველად, ქალბატონი ჯენეტი ქვარცხავა გავიცანი. ჯენეტი მასწავლებელი დამეხმარა საკუთარ თავში მოაზროვნე მეპოვნა და შესვლიდან მალევე მეც ჩავერთე ,,რა? სად? როდის?” თამაშებში, დღესაც ვთვლი, რომ სწორედ ამ თამაშებმა შესარულეს უმნიშვნელოვანესი როლი ჩემი ცხოვრების გზის არჩევაში. შემდეგ კი, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის “სარკმელის” შესახებ შევიტყვე და მალევე გადავწყვიტე მათ შევერთებოდი. სიუჟეტების მომზადება და ჟურნალისტური საქმის შესწავლა იმდენად სასარგებლო იყო, რამდენადაც საინტერესო. მახსოვს, როგორ მოუთმენლად ველოდი “სარკმელის” გაკვეთილებს, რომელიც ჟურნალისტთა კლუბის ხელმძღვანელის, ქალბატონ ნანი მოსიძის წყალობით გაკვეთილთან შედარებით ნაკლებად ფორმალური და გაცილებით საინტერესო იყო. ვიფიქრე, კიდევ სად შეიძლებოდა საინტერესო გამოცდილების მიღება და სასახლის კომპლექსურობით მონუსხულმა, გადავწყვიტე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ,,დრამატულ სტუდიაში” გავწევრიანებულვიყავი, ნონა ტოტოჩავას პედაგოგობით ამ მეტად საინტერესო და თბილ სივრცეში ძალიან ბევრი თეატრალური, თუ ცხოვრებისეული დეტალი ვისწავლე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სითბო და წარმატება მისი დირექტორის ქალბატონ ნინელი ჭითანავას დამსახურებაა, იგი საკმაოდ თბილი პედაგოგიცაა და მიხარია რომ მეც მეხმარებოდა მხატვრული კითხვის ხელოვნების დაუფლებაში. სამწუხაროდ, ჩემს ქალაქს და მასთან ერთად ჩემს სასახლეს ვშორდები… თავს იმით ვინუგეშებ, რომ დროებითია და ყველა პედაგოგს, თუ მოსწავლეს, ვისთან ერთადაც საკმაო დრო გავატარე, კვლავ შევხვდები… სიტყვა კი გამიგრძელდა მაგრამ უფრო მოკლედ ვერ შევძელი… მაშ, დროებით… არა, ნახვამდის.” წინ ბევრი საოცარი და ნაოცნებარი წამი გელოდებათ. ბევრჯერ იტყვით, რომ ცხოვრება მშვენიერია. ჩვენ მუდამ გელოდებით შინ-სასახლეში, მზად ვართ, ყოველთვის მოვისმინოთ მოთხრობები თქვენს ახალ ცხოვრებაზე. სასახლე და სასახლელები გზას დაგილოცავთ. “სარკმელელები”
მოლოცვა Google-ს შემქმნელებისგან
ონლაინ მომხმარებლების “მარჯვენა ხელმა”, ნომერ პირველმა საძიებო სისტემამ, Google-მა, საქართველოს და ქართველ ხალხს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სასიამოვნო და კრეატიული საჩუქარი გაუკეთა. ამ დილიდან, კომპიუტერის მომხმარებლებს, ვინც დახმარებისთვის გუგლს მიმართა, საქართველოს აფრიალებული ხუთჯვრიანი დროშის ქვეს უწევთ სასურველი ინფორმაციისა და ფაილის ძებნა. დროშაზე დაწკაპუნებით კი, შეუძლიათ, უამრავი იმფორმაცია მიიღონ საქართველოსა და კონკრეტულად, 26 მაისის შესახებ. ორიოდ სიტყვით გუგლზე: „Google-ის“ იდეა პირველად 1996 წლის იანვარში სამეცნიერო-კვლევით პროექტში დაიაბადა სტენფორდის უნივერსიტეტში, რომლის ავტორები იყვნენ ლერი პეიჯი და სერგეი ბრინი. ისინი ცდილობდნენ შეექმნათ სრულყოფილი საძიეობა სისტემა, რომელიც ყველას მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებდა. პირველ საძიებო სისტემას, რომელიც შექმნეს „BackRub” უწოდეს. ცოტა ხნის შემდგომ შეცვალეს სახელი და „გუგლი“ დაარქვეს, რომელიც დაკავშირებულია მათემატიკურ ტერმინთან “Googol” და ნიშნავს რიცხვს 1-ს მოყოლებული ასი ნული. ამ სისტემის შემქნელები ამბობდნენ, რომ სურდათ „გუგლი“ მომსახურებოდა ადამიანებს რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის საშუალებით. Sun Microsystems-ის დამფუძნებლის ენდი ბეხტოლშეიმის სახელს უკავშირდება კომპანია „Google-ის“ ლათინური მართლწერა – “Google”. ენდიმ, რომელიც იყო პირველი ინვესტორი ამ გიგანტში, ჩეკის გამოწერისას დაუშვა შეცდომა და სახელი დაწერა იმ ასოთა თანამიმდევრობით როგორც დღეს „გუგლი“ იწერება ლათინურად. ლერის და სერგეის მოუწიათ ფირმის თავიდან დარეგისტრირება ახალი სახელწოდებით, რათა გაენაღდებინათ პირველი ინვესტირებული თანხა 100 ათასი დოლარის ოდენობით. თავიდან „Google-ის“ კომპანია, მისი დამაარსებლების საერთო მეგობარი გოგოს გარაჟში იყო განთავსებული და პირველი მისი თანამშრომელი იყო მათი კურსელი კრეიგ სილვერსტეინი. უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ Google-ის საწყისი გვერდი არის თითქმის ცარიელი, HTML-ის არცოდნაა და მათ უბრალოდ სურდათ სწრაფი და მარტივი ინტერფეისი…”
“აზრთა სივრცე”
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბმა “სარკმელმა” თავისი მორიგი “ზუმშეხვედრა” დაუთმო ინგირის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ჟურნალისტიკით არიან დაინტერესებული. ამბავი ასე დაიწყო: ინგირის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: ნინი კაკულიამ და ირაკლი გვასალიამ, გადაწყვიტეს, შეექმნათ გაზეთი”აზრთა სივრცე”. მოსწავლეების მთავარი მიზანი იყო: სკოლაში მიმდინარე სიახლეებზე და ახალგაზრდულ თემებზე ესაუბრათ გაზეთის გვერდიდან. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ კორონავირუსმა, გეგმის რეალიზაცია შეაფერხა, მაგრამ ჯგუფის ხელმძღვანელებმა გამოსავალი ონლაინ გაზეთის შეექმნში იპოვეს. საქმეში თანამოაზრეები შემოიკრიბეს. პირველად შექმნეს ფეისბუქგვერდი. შემდეგ კი, საჭიროდ ჩათვალეს ელექტრონული ბლოგის შექმნა და ამაში ერთ-ერთ “სარკმელელს” სალომე ნარმანიას სთხოვეს დახმარება. ასე დაიბადა “აზრთა სივრცე”. სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ დამფუძნებელმა ვერ შეძლეს პროექტის პრეზენტაცია, რომელიც მარტის თვეში იყო დაგეგმილი, მაგრამ ირაკლი და ნინი ამბობენ, რომ სექტემბერის თვეში გააკეთებენ ამას. -ირაკლი, რატომ გადაწყვიტეთ გაზეთ “აზრთა სივრცის” შექმნა? -ერთ მშვენიერ დღეს, ჩემმა თანარედაქტორმა ნინი კაკულიამ შემომთავაზა გაზეთის შექმნის იდეა. ძალიან მომეწონა და გავაკეთეთ კიდეც. -რა სირთულეებს წააწყდით ამ ყველაფრის რეალიზაციის პერიოდში? ნინი კაკულია: ძალიან რთული პერიოდი გადავიტანეთ და ყველაფრის მიუხედავად, მაინც ფეხზე ვდგავართ. იყო ცინიზმი, ზურგის შექცევა და კიდევ ვინ ჩამოთვლის რამდენი რამ… მაგრამ ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ დღეს, ჩვენი სკოლელების უმეტესი ნაწილის ნდობა მოვიპოვეთ და მჯერა, რომ მალე ყველა ჩვენს გვერდით იქნება. ირაკლი გვასალია: მახსოვს, ის პერიოდი, როდესაც კლასიდან კლასში დავრბოდით ჯგუფის შესაქმნელად, მაგრამ მოსწავლეებს არ აინტერესებდათ, ჩვენი ჯგუფი მხოლოდ 5 მოსწავლეს შეადგენდა, მაგრამ ნელ-ნელა გაიზარდა წევრთა რაოდენობა. -რატომ გადაწყვიტეთ თქვენი გაზეთისთვის “აზრთა სივრცე” დაგერქმიათ? -ირაკლი გვასალია: მთელი დღე ვფიქრობდით, თუ რა უნდა დაგვერქმია ჯგუფისთვის, საბოლოოდ გადავწყვიტეთ “აზრთა სივრცე,” რადგან თითოეული წევრის აზრი მნიშვნელოვანია ჩვენი ჯგუფისთვის. -როგორია ჯგუფის წევრების თვალით დანახული მომავლის”აზრთა სივრცე”? ნიკოლოზ ჯიქია (ჯგუფის წევრი): ეს არის ადგილი, სადაც თითოეული წევრის აზრი მნიშვნელოვანია, ადგილი, სადაც იდეის რეალიზაცია შეგიძლია, ადგილი, სადაც თავს გრძნობ სრულყოფილად. -ნიკოლოზ, თავიდანვე გსურდათ, რომ თქვენც ამ ოჯახის წევრი ყოფილიყავით? -სიმართლე გითხრათ, არა, მაგრამ ჯგუფის თითოეული წევრის აქტიურობამ და ერთმანეთის გვერდით ყოფნამ, გადამადგმევინა ეს ნაბიჯი და დღეს, მეც, ამ ოჯახის ერთ -ერთი წევრი ვარ. -როგორ აპირებთ “აზრთა სივრცის” პოპულარიზაციას? -კარანტინის პერიოდში, გადავწყვიტეთ, დრო არ დაგვეკარგა და ბუკლეტების დამზადებაზე გვეზრუნა. 100-მდე დავამზადეთ და კიდევ დავამატებ. მოგვიანებით, ვაპირებთ, ჩვენს სოფელში, კარდაკარ სიარულს და მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებას. ნანა თოლორაია “სარკმელი”
მეგობრები მენატრება
მოდით, იქიდან დავიწყოთ, როდესაც ცხოვრების ჩვეულ რიტმს მივუყვებოდი, ყოველი ჩემი დილა 8 საათზე გაღვიძებით იწყებოდა, შემდეგ გაკვეთილების გადამეორებით და სკოლაში წასვლით… სკოლაში მისვლა სულ მიხაროდა და რადგან ვიცოდი, ჩემი კლასელები და მეგობრები დამხვდებოდნენ, ერთმანეთს მოვეხვეოდით და ასე მივესალმებოდით ერთმანეთს. შესვენებისას, ჟურნალის სარედაქციო ჯგუფი ვიკრიბებოდით და ახალ-ახალ თემებზე, სტატიებსა და სკოლაში დატრიალებულ მოვლენებზე ვსაუბრობდით. აი, მაგალითად, იმაზე, თუ დღეს სკოლაში რომელმა პედაგოგმა ჩაატარა ღია გაკვეთილი, ან რომელმა მოსწავლემ მიიღო რომელიღაცა პროექტში მონაწილეობა და ა.შ. ვიტყვი იმასაც, რომ ამ კორონაარდადეგების დროს, ხელთნაკეთი ნივთების შექმნა დავიწყე, როგორიცაა: სამაჯურები და ყულაბები. ყულაბების გაკეთება ძალიან მიყვარს, მას ქილებისგან ვაკეთებ, ძალიან ლამაზი გამოდის, სამაჯურების გაკეთება კი ონლაინ კურსებით ვისწავლე და იუთუბარხებით. ასევე ვესწრები ონლაინ გაკვეთილებს და ონლაინ შეხვედრებს… ამ იძულებით არდადეგების დროს, სკოლის გაზეთთან ერთად, online ჟურნალი „აზრთა სივრცე“-ც დავაარსე სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით. ხშირად გვაქვს ონლაინ შეხვედრები და მიხარია, რომ სტატიებზე და პროექტებზე ვმუშაობთ მთელი ჯგუფი. მეგობრებიც ძალიან მენატრება. რა თქმა უნდა, მათთან ვიდეო ზარით მაქვს კონტაქტი, მაგრამ მე მათი ჩახუტება და ლაივში ნახვა მსურს. იმედია, ეს თვითიზოლაცია და კარანტინი მალე დამთავრდება, თორემ უკვე ძალიან მოვიწყინე სახლში, არ შემიძლია ერთ ადგილას ჯდომა. “სულსწრაფს” და “მოუსვენარს” მეძახიან ჩემი ხასიათიდან და ქცევებიდან გამომდინარე, რადგან ყველაფრის სწრაფად და უმტკივნეულოდ მოგვარება მიყვარს. აი, ამ კორონამ კი, ყველაფერი ჩაანაცვლა და ეს მარტო მე კი არა, საქართველოს ბევრ მოქალაქეს არ მოსწონს. მეგობრებო, ყველას ჯანმრთელობას და კორონას დამარცხებას გისურვებთ, გთხოვთ, დარჩეთ სახლში და დავიცვათ ყველა საკარანტინო წესები. ირაკლი გვასალია, ინგირის #2 საჯ. სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე
“მემენტო მორი”
თავი I 2020 წელი ახალი შემოსულიღა იყო… მსოფლიოს ახალი გამოწვევა გამოუჩნდა… გარემოში კეთილი ატომები, რომელთაც სხვა შანსი აღარ ჰქონდათ, დაუზავდნენ ვირუსულ ბაქტერიებს. დაზავებაში კი, აზრი ის იყო, რომ გარემოსა და ჰაერს ისინი არ ავნებდნენ, არამედ შევიდოდნენ ადამიანებში და მათში იცხოვრებდნენ… პირველად კორონამ აზიაში, კერძოდ, ჩინეთში დაიწყო საძირკველის შენება, რადგან ფიქრობდა, იქ მეტი ხალხი იყო და უკეთ მოახერხებდა გაზრდა-განვითარებას… გავიდა ხანი… კორონამ 3000-მდე ადამიანი შეიწირა, მაგრამ მაინც აგრძელებდა მისი ვერაგული გეგმის განხორციელებას… მან უკვე ყველგან გაამწესა მისი ჯარი (ბაქტერიები) და მიადგა ევროპასაც… ევრაზია დიდმა საფრთხემ მოიცვა. ხალხი პანიკაში იმყოფებოდა. მალე დაიკეტა სკოლები, დაიკეტა ბანკები, მარკეტები, ბაზარი და სხვა რამ, რაც ადამიანს ცხოვრებაში ყოველმხრივ წინსვლა-განვითარებაში ეხმარებოდა. ყველა სახლში იყო გამოკეტილი… თინეიჯერები ვეღარ დადიოდნენ სკოლებში და სწავლასაც ვეღარ ახერხებდნენ… ძალიან იჩაგრებოდნენ, თუმცა ზოგიერთი სახლში ცდილობდა რაღაც ჩამორჩენის აღმოფხვრას.. ასე გადიოდა დრო… რამდენიმე თვის შემდეგ, ვირუსმა მსოფლიო ფატალურ შედეგებამდე მიიყვანა… ვირუსი მთელს მსოფლიოს მოედო და ბევრზე ბევრი ადამიანიც შეიწირა… ერთადერთი ადგილი, სადაც ვირუსი ვერ აღწევდა, იყო “წუთისოფლის ჯოჯოხეთი”- საჰარა. რატომ მაინცდამაინც ის? იმიტომ, რომ კორონა 40-50 გრადუსში კვდება. მაგრამ ჯოჯოხეთური სიცხე ვისღა ახსოვდა, საჰარა ახლა ანთრაკივით იყო ყველასათვის. ოჯახები მიემგზავრებოდნენ და მიემგზავრებოდნენ საჰარისაკენ… ზოგი გზაზე იხოცებოდა, ზოგს ვირუსი სჭირდა და კლავდნენ… საჰარამდე ძალიან ცოტამ მიაღწია და იქ გააგრძელა ცხოვრება მანამ, სანამ კორონას საწინააღმდეგო პრეპარატი არ შექმნეს… იქამდე კი, სანამ ადამიანებს კორონას სახელი ახსენდებოდა, მხოლოდ ერთი ფრაზა მოსდიოდათ თავში, რომლითაც მიმართავდნენ დაავადებულს ტელეფონითა თუ სულიერი კავშირით. ნუ, ყოველ შემთხვევაში, წარმოსთქვამდნენ: -“მემენტო მორი”. თავი II უკვე გაზაფხულის მეორე თვის დასაწყისი იყო… ბოროტი ბაქტერია ნელ-ნელა მარცხდებოდა… მსოფლიოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ყველა, ვინც საჰარას აფარებდა თავს, თავის საცხოვრებელს დაბრუნებოდა. ასეც მოხდა, ყველა სახლში დაბრუნდა და წესისამებრ კარანტინში გადავიდა… ბუნება გახარებული იყო,-არავინ მაზიანებს, ადამიანები გარეთ საერთოდ არ დადიანო და ,,კორონას“ უმადლოდა… ხალხი კი გაგიჟებას იყო, არ იცოდნენ რა ექნათ, საჭმლისათვის ფული აღარავის ჰქონდა, არ მუშაობდნენ… „კორონაც“ ძალიან დაიღალა ამდენი ბრძოლით… მან ჰაერის ატომებთან ახალი ზავის დადება მოითხოვა,-უდოდა, ცოტა ხნით მისი ჰაერში განთავსების ნება მიეცათ, რადგან უკვე ვერ უმკლავდებოდა მოწინააღმდეგეებს, ჰაერში კი, მას არავინ ხელს არ ახლებდა… ატომები მას, რა თქმა უნდა, არ დათანხმდნენ და… დაიწყო „კორონას“ ახალი ომი. უკვე განწირულმა ჰაერის ატომებმა იცოდნენ, მარცხდებოდნენ… ფიქრობდნენ: ,,ვინაიდან, მოკვდინება ბუნების მიერ არსებობისათვის დაწესებული უდიდესი კანონია, არაფერია მოკვდინებაზე უფრო ლამაზი და ღირსეული.“ დაიწყო ომი, როგორც ნავარაუდევი იყო, გაიმარჯვეს „კორონას“ ბასრმა ბაქტერიებმა და დაიკავეს რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ადგილი, სადაც ხალხი აღარ იყო… ადამიანები კი, გახარებულნი იყვნენ, რომ კორონა გაქრა და დაუბრუნდნენ ცხოვრების ძველ რუტინას… არ გასულა 6 თვე და… ხალხი ისევ კვდებოდა… ნეტავ, რატომ? თურმე ვერაგი დაბრუნებულა, გაძლიერებული და მონსტრად ქცეული. პირველ რიგში, ისინი გაანადგურა, ვინც მას გადაურჩა და ადრე განიკურნა ,- მოძმე ბაქტერიებს შეერთებოდნენ და გადაწყვიტეს, მოეკლათ ადამიანები… ხალხი ისევ გაგიჟდა და აფორიაქდა… სად წასულიყვნენ არ იცოდნენ. თითქოს მათ ცხოვრებას ზემოდან არგანი გადაარტყა ვინმემ… და აჰაა, მშიერმა ,,წუთისოფლის ჯოჯოხეთმა“ -საჰარამ, ისევ გაიხარა, რადგან სტუმრები ისევ დაუბრუნდნენ… …და კვლავ კვდებოდა და კვდებოდა ხალხი! ეჰ… „ისეც ხდება- ზოგჯერ ირმის ფეხის ხმა ესმით, თავს კი მალვით მომავალი ჯიქი ესხმით.“ ხალხი კი, ერთმანეთს ეკითხება-„რა ქვია იმ ადგილს, სადაც სამუდამოდ მიემგზავრები?“ პასუხი ერთია: სიკვდილი. …და რა ითქმის მაშინ, როდესაც გესმით სიტყვა „კორონა“ ?! -“მემენტო მორი”. თავი III ზაფხულის პირველი თვის შუა რიცხვები დამდგარიყო… ბუგრი, რომელიც წამოეზარდა დედამიწას „კორონას“ სახით, უკვე ბოლომდე მოიშორა. საწყალ ხალხს, რომელიც ბუნაგს ორჯერ მოწყდა, მეორეჯერ მოუწია შინ დაბრუნება. მათი ვირუსისადმი შიში უკვე ქსენოფობიაში გადაიზარდა! მსოფლიომ დიგრესია განიცადა, მიუხედავად მოსახლეობის დიდი შემცირებისა, მზე გახარებული იჭყიტებოდა ციდან,- ღრუბლებს სწევდა, იქით, აქეთ და წვიმის დროსაც მოჩანდა, ისეთი გახარებული იყო! ადამიანები შინ დაბრუნებისას და საკუთარ სახლში შესვლისას, ხედავდნენ, რომ მტვრის ნაწილაკები მზის შუქზე შეშლილებივით ტრიალებდნენ. ისინი სიხარულით ეწაფებოდნენ ნივთებს, თვით ნივთები კი, გახარებულნი იყვნენ, რადგან მარტო არ იყვნენ და მათთან მტვერი მაინც მეგობრობდა, მაგრამ პატრონის დაბრუნება სულ სხვა სიხარული იყო..! იქამდე ალბათ რომ შეგეხედათ ნებისმიერის ოთახისათვის, მიხვდებოდით თუ რა მოხდა იქ და რა გადახდა მათ თავს. „ძალზე ბევრი რამის გაგება შეიძლება ადამიანის შესახებ, თუნდაც მხოლოდ იმ ოთახში შეხედვით, სადაც ის ცხოვრობს“. ხალხისათვის ეს იყო ერთგვარი გამოცდა… და მას გადალახავდა მხოლოდ და მხოლოდ ის, ვინც ამის ღირსი იყო… ამის გაკეთება ყველამ ერთად შეძლო, ეს ხომ ძალის ერთობლიობაა… მხოლოდ ერთი ძაფისაგან სახეირო ბევრი არაფერია, მაგრამ ერთმანეთზე გადაგრეხილი ორი ძაფი გაცილებით მაგარია. თუკი ამ ადგილას კიდევ რამდენიმეს გაატარებთ, ისეთ რამეს მიიღებთ რაც ყველაფერს გაუძლებს. სწორედ ასე ამზადებენ ბადეს. ყველას ერთ გარემოცვაში გვიწევს ბრძოლა. როდესაც ერთ კარში ვერ შევდივართ, მეორეში უნდა შევიდეთ. მერე რა, რომ მათ სხვადასხვა ოთახებში მივყავართ, ასე სახლში მოხვედრის შესაძლებლობა მაინც გვაქვს..! ამიტომ უნდა გავერთიანდეთ ყველა ერთად და უნდა წარმოვთქვათ-„ძალა ერთობაშია!!!“ მოგვიანებით კი, ისინი უყვებიან შვილიშვილებს, შვილთაშვილებს, თუ რა მოუვიდა მსოფლიოს, თუ რამ შეაჩერა ის გარკვეული დროით… პატარა იკითხავს: -რა ერქვა ამ ვირუსს? განა სახელი რამეს ნიშნავს ამ ბავშვისათვის? -„კორონა“,-ამბობს უფროსი აკანკალებული ხმით და თან ჩუმად, შემზარავად ამატებს: ,,მემენტო მორი“ გიორგი სანიკიძე, “სარკმელი”
ცირა ახალაია მსახიობობაზე ოცნებობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის „სარკმელის“ წევრებმა, ფოტოკონკურსის „ჩემი გაზაფხული“ გამარჯვებული, ურთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ცირა ახალაია მოვიწვიეთ ონლაინინტერვიუზე. ცირა 16 წლისაა. უყვარს მუსიკა, ცეკვა და რა თქმა უნდა, ფოტოგრაფია. უკრავს ფორტეპიანოზე და მუსიკალური შვიდწლედი აქვს დამთავრებული. სურს თეატრალურზე ჩააბაროს. ეს მისი ბავშვობის ოცნება და საყვარელი პროფესიაა. –ცირა, რატომ გადაწყვიტე კონკურსში მონაწილეობა? -მინდოდა ჩემი თავი გამომეცადა. –რამდენად კონკურენტუნარიანი იყო შენთვის კონკურსი? -კონკურსი მართლაც იყო კონკურენტუნარიანი. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, რომლებიც მეხმარებოდნენ ლაიქები შემეგროვებინა. –როგორც თქვი, კონკურსი კონკურენტუნარიანი იყო. არ შეგეშინდა? -მართალია, გული დამწყდებოდა რომ ვერ გამემარჯვა, მაგრამ არ შემშინებია, რადგან წაგება და მოგება ძმები არიან. –რომელი იყო შენი ფავორიტი ფოტო? -ნომერი 9… –როგორც ვიცით, ბევრ სხვა კონკურსშიც მონაწილეობდი, შენთვის ეს პირველი გამარჯვება იყო? -არა, თუმცა პირველი შემთხვევაა ასეთ ფართომასშტაბიან კონკურსში გამარჯვებისა. –ხელოვანებს ახასიათებთ ნამუშევრებში თავიანთი ემოციის გადაჭარბებული გამოხატვა, ჩანს შენს ფოტოშიც ეს ემოციები? -დიახ, ჩემს ყველა ფოტოში ჩანს ეს. –ხშირად იღებ ფოტოებს? -დიახ, ძირითადად, ხეებს ვუღებ, რადგან გაზაფხულზე ისინი განსაკუთრებით ლამაზია. –როგორ შეაფასებდი შენს უნარებს ფოტოგრაფიაში? -მე ჩემს თავს ვერ შევაფასებ, უფრო სხვები მაფასებენ. –რატომ გადაწყვიტე ხის ყლორტების ფოტოს გადაღება, როცა მსგავსი შინაარსის ფოტოები ბევრს ჰქონდა? -ეს ფოტო ადრე მქონდა გადაღებული და ძალიან მომწონდა. –ყველა ნამუშევარს თავისი შინაარსი აქვს, რა შინაარსი ჰქონდა შენს ფოტოს? -ჩემი გაზაფხული ასე გამოვხატე. –რატომ გამოხატე შენი გაზაფხული ასე? -ატმის ყლორტები ჩემთვის უსაყვარლესია და ვიფიქრე, რომ უნდა დამეფიქსირებინა. –ხე შენთვის განსაკუთრებულია, შეიძლება ითქვას, რომ ხეში ხედავ იმას, რასაც სხვა ვერა? -განსაკუთრებულ სილამაზეს ვხედავ, თუმცა არ ვიცი, შეიძლება სხვაც იგივეს ხედავს. –რომელი მუსიკა ჩაგესმის ბუნების წიაღში? -კლასიკური მუსიკა. –თავს რამდენად აქტიურ მოქალაქედ თვლი და რას აკეთებ იმისთვის, რომ აქტიური იყო? -ყველაფერს ვაკეთებ და ვცდილობ უფრო აქტიური ვიყო. ვცეკვავ, ვუკრავ და ა.შ. –რომელია შენი საყვარელი საქმიანობა? -ცეკვა. –მადლობა, ცირა. საუბარი ჩაიწერა სალომე ნარმანიამ, “სარკმელი”