ჩვენი ვალია, ყური დავუგდოთ დედამიწის სუნთქვას. მის გაფრთხილებას. დავიცვათ გარემო, რომ მან კი არ დაგვაზიანოს, არამედ, ჩვენს ცხოვრებას მეტი ლაზათი მისცეს და ორგანიზმს კი ჯანმრთელობა შესძინოს .
გამოვიდა საბა ჯანჯღავას ფილმი “1878”
აჭარანეტზე გამოქვეყნდა ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის წევრის “საკმელელის”, ამჯამად უკვე საქართველოს თეატრალური უნივერსიტეტის კინომცოდნეობის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტის საბა ჯანჯღავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი “1878”. ფილმი მოკლემეტრაჟიანია, მიმდინარეობს 11 წუთი, მიეკუთვნება დრამისა და მელოდრამის ჟანრებს. ფილმში მოქმედება ვითარდება ზუგდიდში და მასში დაკავებული მსახიობები არიან ზუგდიდელები: მარიამ გოგუა და გიორგი ქადარია.
“სარკმელელის”ანგარიში “სარკმელს”
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბში “სარკმელი,” შედგა ზუმშეხვედრა უფროს “სარკმელელთან” ისტორიის ექსპერტთან, ზაზა მანიასთან, რომელმაც “სარკმელის” ახალ თაობასთან შეხვედრაზე გაიხსენა 25 წლის წინანდელი “სარკმელისა” და “სარკმელელების” ცხოვრება. ზაზა მანიასთან ერთად, “სარკმელელებმა” დაგეგმეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლე გახდეს ინიციატორი და დამფუძნებელი “კროსვორდის ფესტივალის”, რომელიც სავარაუდოდ, ღია სივრცეში ჩატარდება და ჩაერთვება კროსვორდის მოყვარული ყველა თაობის წარმომადგენელი. და კიდევ: უფროსი თაობის “სარკმელელი” ფიქრობს, ვიკიპედიისთვის მოამზადოს “სარკმელის” ცხოვრების ბიოგრაფია.
ქეთი ჩახაია: მომავლის მხატვარი
კახათის N1 საჯარო სკოლის მეათეკლასელი ქეთი ჩახაია ნიჭიერი შემოქმედი და საინტერესო ახალგაზრდაა. მხატვრობა და საყვარელი მხატვარი, ფოტოგრაფია, მწერლობა, მუსიკა…-აი, რაზე საუბრობს ქეთი ჩვენთან. – მე ვარ ქეთი ჩახაია, 15 წლის, ვეტრფი შემოდგომას და ვემსახურები ხელოვნებას, უფრო სწორედ, მხატვრობას, ფოტოხელოვნებასა და მწერლობას. ვისწრაფვი პოლიგლოტობისკენ და ამ ეტაპზე რიგით მე-5 ენას ვსწავლობ. -ვინ არის შენი საყვარელი მხატვარი? -ახალგაზრდა იტალიელი მხატვარი, ვინმე მარკო გრასი. მოკლედ თუ განვიხილავ, ის ჰიპერრელისტი მხატვარია, რომლის ნამუშევრებშიც მიკროდეტალებიც კი მკვეთრადაა გამოსახული. ჩემი საყვარელი მიმართულებაც ჰიპერრეალიზმია, რომლის დაუფლებასაც დიდი შრომა სჭირდება. -რომელი მხატვრის გავლენა იგრძნობა შენს ნამუშევრებში? -შეიძლება უცნაურად გაიჟღეროს, მაგრამ მხატვრის – არც ერთის, ჩემზე გავლენას უფრო ხშირად მწერლები ახდენენ. -ყველაზე მეტად შენი რომელი ნამუშევარი გიყვარს? -ჩემს თითოეულ ნამუშევარში დევს რაღაც ჩემეული დეტალი, აქედან გამომდინარე, მათი გარჩევა ჩემთვის მეტად ძნელია. -ვიცი, როდესაც ხატავ, უსმენ მუსიკას… -მელომანი ვარ, შესაბამისად, ხასიათს გააჩნია, რას მოვუსმენ ხატვის პროცესში, ბოლო დროს, ჩემი არჩევანი, უმეტესად ჯაზზე ან საერთოდ, პოეზიაზე ჩერდება. -რა გჭირდება ნამუშევრის შესაქმნელად? -ამ კითხვაზე, ყველაზე ხშირი პასუხია სიტყვა „მუზა”, მაგრამ არა ჩემთან, იმიტომ, რომ დიდი ხნის გააზრებული მაქვს, არ ღირს მოტივაციაზე იყო დამოკიდებული, ის, რაც მე მჭირდება, მხოლოდ იმის ცოდნაა, რომ საკმაო დრო მაქვს შექმნისთვის და აჩქარება არ დამჭირდება. -შენი ფოტოხელოვნებაც არანაკლებ შთამბეჭდავია… -იმდენად პატარა ვიყავი, არც კი მახსოვს, როდის დაიწყო ჩემი დაინტერესება ფოტოხელოვნებით. ყოველთვის მაინტერესებდა გადაღებებთან დაკავშირებული იდეები. ფოტოებს, ხშირად, უმცროსი ძმა მიღებს, სხვა შემთხვევაში, ჩემით მიწევს ყველაფრის მოგვარება, ანუ, ჩემით ვიღებ… -რატომ გადაგყავს შენი თავი სხვადასხვა ეპოქაში? -ერთ-ერთი იმათთაგანი ვარ, რომელთაც ჰგონიათ, რომ მცდარ ეპოქაში მოევლილნენ სამყაროს და ამასთან ერთად, ხვდებიან, რომ ეს არც ისე მართებული აზრია. ფოტოხელოვნებით კი, საკუთარი თავის წარსულში „დაბრუნებას” ვცდილობ, ცოტა ხნით მაინც. -მწერალი, რომელიც მოგწონს? -ერთ დროს, ერნესტ ჰემინგუეიმ თავისი წიგნით „განუყრელი დღესასწაული” საერთოდ სხვანაირად შემახედა შემოდგომისთვის და გასული საუკუნის 20-იანი წლებისთვის. ჩემთვის საყვარელი მწერლის წოდება სწორედ მას ეკუთვნის. -პოეზია გიყვარს… – იაკი კაბესა (იგივე ირაკლი კაკაბაძე) და მის სტილს ვანიჭებ უპირატესობას, რომელიც ქართული და იაპონური სტილის შერწყმით იქნა მიღებული. -ვიცი, შემოდგომა გიყვარს… -როგორც უკვე ვთქვი, ერნესტმა შემახედა სხვანაირად შემოდგომისთვის. ამის გარდა, ალექსანდრე პუშკინს ეკუთვნის ერთი ფრაზა, რომელიც სრულიად აღწერს ჩემს პიროვნებას: „ყოველ შემოდგომაზე თავიდან ვიფურჩქნები”. არ ვიცი, რაზეა ეს დამოკიდებული, მაგრამ მართლაც, ყოველ ჯერზე ამართლებს. -რა არის შენი მთვარი მიზანი ცხოვრებაში? -მაქვს ერთი მთავარი მიზანი: 10-15 წლის შემდეგ ვიღვიძებდე და ვხვდებოდე, რომ ვარ იქ, სადაც ჩემი ადგილია, ვურთიერთობ იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ვვითარდები და საერთოდ, ვაკეთებ იმას, რაც სიამოვნებას მანიჭებს. მე ვიცი, ასეთ მომავალს დიდი მუშაობა სჭირდება, მაგრამ ყველაფერი ჩემს ხელშია, მხოლოდ ჩემს ხელში. სალომე ნარმანია, ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის „სარკმელის“ წევრი
ჩემი მასწავლებლის ყვავილნარი
შორენა ღურწკაია პროფესიით პედაგოგია,-კორცხელის საჯარო სკოლაში მუსიკას ასწავლის. გატაცებულია ხელოვნებით. უყვარს მცენარეები, უამრავი სახეობის ოთახის ყვავილს უვლის. ერთ, მოსაწყენ კორონადღეს, შორენა მასწავლებელს გადაუწყვიტია, შეექმნა ისეთი გარემო, სადაც საღამოობით, შეძლებდა, მეგობრებთან ერთად, ყავის დალევას, საუბარს, კითხვას, მუსიკის მოსმენას. სწორედ ეს იყო მოტივაცია, რამაც გადაადგმევინა ეს ნაბიჯი: “ერთი წელიც არ არის, რაც დავიწყე ეზოს გალამაზება, ქუჩა-ქუჩა დავდიოდი, რომ შესაფერისი ქვა მეპოვა, თუნდაც ერთი ცალი, რომ ნაოცნებარი დიზაინით შექმნილი მოზაიკა დამესრულებია. მინდოდა, ოჯახის წევრებს, მეგობრებს და სტუმრებს სასიამოვნო გარემო დახვედროდა ღია სივრცეში. ეს სურვილი განსაკუთრებით პანდემიის დროს გამიმძაფრდა და შესაძლებლობაც მომეცა მეტი დრო დამეთმო ჩემი ბაღისთვის.” შორენა მასწავლებლი ამბობს, რომ მისთვის, ამ საქმეში, საყრდენი ძალა ოჯახია, რომელიც მუდამ მის გვერდითაა. მაგალითად, მისი იდეითა და დიზაინით, მისმა ვაჟიშვილმა, მის ბაღს, ულამაზესი ქვის ღობე შემოავლო. ყველაზე მეტად, მასთან ერთად, მისი უმცროსი ქალიშვილი, კორცხელის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე, ნინო ტრიალებს. ის, გულშემატკივრობს ყველაზე მეტად და მუდამ ცდილობს, დედას ეზოში მუშაობისას, ხელი შეაშველოს. შორენა მასწავლებელს და ნინოს, ეზოსა და ყვავილების მოვლის ახალი გეგმები გაუჩნდათ პანდემიის პერიოდში,- მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული გრაფიკი ჰქონდათ, ჰქონდათ დრო ფიქრისა და ახალი იდეების ხორცშესასხმელად. გთავაზობთ, რამდენიმე ფოტოს შორენა მასწავლებლისა და ნინოს მიერ ერთობლივად შექმნილი ბაღიდან. ნანა თოლორაია, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი”
“ვტოვებთ სასახლეს და ვრჩებით სასახლეში”
ისინი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიზარდნენ, მის ოთახებში გათამამდნენ და იპოვეს საკუთარი თავი, მის სცენაზე გაიარეს და გმირებად იქცნენ, სასახლის პედაგოგებისგან შეგულიანებას, სიყვარულს და გამხნევებას გრძნობდნენ მუდამ. სკოლის შემდეგ აქ მოუხაროდათ, მთელი ქალაქის თანატოლები აქ გაიცნეს და თავისნაირები აქ აღმოაჩინეს. პირველი სიყვარულიც აქ გაამხილეს. ცხოვრება ბევრ დეტალს შლის მეხსიერებიდან, მაგრამ მათ სასახლე არასდროს დაავიწყდებათ. და ამბობენ კიდეც “ჩენ მივდივართ სასახლედან, მაგრამ ვრჩებით სასახლეში”, “მაშ, დროებით… არა, ნახვამდის…” საბა ჯანჯღავა, მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი”, თეატრალური სტუდია “შთამომავლები”: “წარსული სხვაგვარი იყო, გაურკვეველი, მომხიბლავი… წლები, რომლებმაც ტკივილიც მოგვაყენა, მაგრამ ბევრი გვასწავლა. რომ არა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის უხილავი ძაფი უგვზოუკვლოდ გაქრებოდა, სასახლე ყველაფერია, რაც პრიორიტეტულია ახალგაზრდების ცხოვრებაში-სიცელქე, სილაღე, ურთიერთობები, განათლება… მე და სასახლეს რაღაც ენითაღუწერელი ურთიერთობა გვაქს და დიდი სიყვარული გაგვაჩნია, სასახლე ყველაზე ღირებული ადამიანების შეძენაში დამეხმარა. ჩემი მეგობრების, მათთან ერთად გატარებული წლების გახსნება კი ბედნიერების მორევში მაგდებს და ამავდროულად ცრემლიანი თვალებით სრულდება… მიყვარს თითოეული პედაგოგი, თითოეული პიროვნება, რომელმაც რაღაც შთამაგონა, რომელმაც შესძლო და მაჩვენა ის ღირებულებები, რომლის გარეშეც ცხოვრება შეუძლებელია, ისღა დამრჩენია მათი ყოველი ,,წარმატებები’’, ,,მე მჯერა შენი’’ სისრულეში მოვიყვანო და ცხოვრების ახალ ეტაპზე იმედები არ გავუცრუო. ძალიან მიყვარხართ!” ნანო ქოქოსაძე, მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი”: “ჩემი და სასახლის ურთიერთობა თითქმის ოთხ წელიწადს გაგარძელდა. თავიდან იყო მორცხვი ნაბიჯები „სარკმელში“, პირველი ინტერვიუ, ახალი სახეები, შვიდამდე საყმაწვილო ჟურნალი და ერთ-ერთის რედაქტორობაც… მიხარია, რომ ვიყავი ამ ჯგუფის ნაწილი, სასახლესთან ერთად ვიმოგზაურე: ბორჯომში, რაბათში, ვარძიაში, ყვარელში, ვანში, ვარიანში, სვანეთსა და შეკვეთილში. ვიყავი „მედია ფესტივალი 2017“-ისა და „მედია ფესტივალი 2019“-ის მონაწილე, „ფენმარათონი” 2017-2018-2019-ის მონაწილე და ვგეგმავ „ფენმარათონი2020“-ში მონაწილეობასაც. ვმონაწილებდი „ნორჩი მკვლევარი 2017“-სა და ნორჩი „მკვლევარი 2019“-ში. სასახლემ მომცა უდიდესი გამოცდილება, გამაცნო ახალი ადამიანები და შევიძინე შეუცვლელი მეგობრები. მივდივარ ცხოვრების ახალ გზაზე და სასახლიდან მიმყვება სიყვარული და სითბო, რაც ყოველთვის, ისევ მომიზიდავს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისკენ”. ლაზარე ლაშხია, წმ.გიორგის სახელობის გიმნაზია, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი”, თეატრალური სტუდია “შთამომავლები”: “დადგა დღე, რომელსაც 12 წელი ველოდი, თუმცა მრჩება სიცარიელის განცდა, რომელიც ჩემს მოგონებებთან ასოცირდება. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, სკოლა, მეგობრები ეს ყოველივე ჩემთვის დაუვიწყარია… იმედი მაქვს, ისინიც არასდროს არ დამივიწყებენ და მჯერა, რომ სულ ჩემს გვერდით იქნებიან.” კესო ფირცხელავა, მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, თეატრალური სტუდია “შთამომავლები”: “მივდივარ სასახლიდან” და მიმაქვს უდიდესი გამოცდილება, რომელიც მაჩუქა ამ მნიშვნელოვანმა ადგილმა. მადლიერი ვარ სიყვარულისთვის, ბედნიერებისა და ცოდნისთვის, რომლის უშრეტი წყაროები არიან ჩვენი რეჟისორი, ქალბატონი ნონა ტოტოჩავა და იქ შეძენილი უმნიშვნელოვანესი მეგობრები”. ნიკა კუჭავა, მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი”: ,,დრო მიდის, კადრები კი რჩება’’,- ახლა, როცა ამ წერილს ვწერ, არსებობს ერთი ნათელი სურვილი, რომელიც ნოსტალგიით, ამავე დროს კი, სიამაყითაც მავსებს, ესაა მოსწავლე ახალგაზროდბის სასახლეში დაბრუნება. მოგონებები, რაც იქ გატარებული დროის მანძილზე დავაგროვე, მუდამ მემახსოვრება, როგორც ლამაზი დღე ყველაზე მრავალფეროვან სამყაროში, რომელმაც იცის როგორ გასწავლოს სიყვარული, შეგძინოს გამოცდილება მრავალმხრივ და შეიტანოს წვლილი შენს პიროვნულ განვითარებაში. ალბათ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ეს სიტყვაც კი ცოტაა იმის სამადლობელად, თუ რამხელა გარდაქმნა მოხდა ჩემში ჩემი სასახლეში მოსვლის პირველი დღიდან. ბევრი გავიცანი, ბევრთანაც დავახლოვდი, იყო არშემდგარი ურთიერთობებიც, მაგრამ სასახლესთან მიმართებაში ამას არავითარი გავლენა არ მოუხდენია. თუკი სასახლის რომელიღაც ერთ კუთხეში ჩემი სახელი და გვარი წერია, სიამაყით ჩემი თავის მიმართ კი არ ვივსები, არამედ სასახლის მიმართ, რადგან იგი ერთ-ერთი იმათგანია, რომელმაც ასეთ პიროვნებად მაქცია, აღმოაჩინა ჩემში ის, რაც მე თვითონაც არ ვიცოდი. ამიტომაც, ეს მოგონებები გულში იმხელა სიხარულს მიტოვებენ, რომ თითქმის შეუძლებელია მისი რამით გადაფარვა, იგი თითქოს სამარადისო, უცვლელი აღმოჩენაა, რომელიც აუცილებლად უნდა გამომეცადა”. სესილი ალშიბაია, მეშვიდე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი” : “მე ის ადამიანი ვარ, რომელიც ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ყველაზე საჭირო დროს მოხვდა, მაშინ, როცა ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება ისწავლოს აზრის თავისუფლად გამოხატვა და მიზნების სწორად დასახვა. ჟურნალისტთა კლუბი „სარკმელი“ ჩემთის არის ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად შევძელი განმევითარებინა საკუთარი „მე“. მივდივარ სასახლიდან-მოგონებებით, გამოცდილებითა და თავდაჯერებულობით სავსე…” ალექსანდრე ფიფია, მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული: “მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დიდ ოჯახს დაწყებით კლასებში შევუერთდი. პირველად, ქალბატონი ჯენეტი ქვარცხავა გავიცანი. ჯენეტი მასწავლებელი დამეხმარა საკუთარ თავში მოაზროვნე მეპოვნა და შესვლიდან მალევე მეც ჩავერთე ,,რა? სად? როდის?” თამაშებში, დღესაც ვთვლი, რომ სწორედ ამ თამაშებმა შესარულეს უმნიშვნელოვანესი როლი ჩემი ცხოვრების გზის არჩევაში. შემდეგ კი, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის “სარკმელის” შესახებ შევიტყვე და მალევე გადავწყვიტე მათ შევერთებოდი. სიუჟეტების მომზადება და ჟურნალისტური საქმის შესწავლა იმდენად სასარგებლო იყო, რამდენადაც საინტერესო. მახსოვს, როგორ მოუთმენლად ველოდი “სარკმელის” გაკვეთილებს, რომელიც ჟურნალისტთა კლუბის ხელმძღვანელის, ქალბატონ ნანი მოსიძის წყალობით გაკვეთილთან შედარებით ნაკლებად ფორმალური და გაცილებით საინტერესო იყო. ვიფიქრე, კიდევ სად შეიძლებოდა საინტერესო გამოცდილების მიღება და სასახლის კომპლექსურობით მონუსხულმა, გადავწყვიტე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ,,დრამატულ სტუდიაში” გავწევრიანებულვიყავი, ნონა ტოტოჩავას პედაგოგობით ამ მეტად საინტერესო და თბილ სივრცეში ძალიან ბევრი თეატრალური, თუ ცხოვრებისეული დეტალი ვისწავლე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სითბო და წარმატება მისი დირექტორის ქალბატონ ნინელი ჭითანავას დამსახურებაა, იგი საკმაოდ თბილი პედაგოგიცაა და მიხარია რომ მეც მეხმარებოდა მხატვრული კითხვის ხელოვნების დაუფლებაში. სამწუხაროდ, ჩემს ქალაქს და მასთან ერთად ჩემს სასახლეს ვშორდები… თავს იმით ვინუგეშებ, რომ დროებითია და ყველა პედაგოგს, თუ მოსწავლეს, ვისთან ერთადაც საკმაო დრო გავატარე, კვლავ შევხვდები… სიტყვა კი გამიგრძელდა მაგრამ უფრო მოკლედ ვერ შევძელი… მაშ, დროებით… არა, ნახვამდის.” წინ ბევრი საოცარი და ნაოცნებარი წამი გელოდებათ. ბევრჯერ იტყვით, რომ ცხოვრება მშვენიერია. ჩვენ მუდამ გელოდებით შინ-სასახლეში, მზად ვართ, ყოველთვის მოვისმინოთ მოთხრობები თქვენს ახალ ცხოვრებაზე. სასახლე და სასახლელები გზას დაგილოცავთ. “სარკმელელები”
მოლოცვა Google-ს შემქმნელებისგან
ონლაინ მომხმარებლების “მარჯვენა ხელმა”, ნომერ პირველმა საძიებო სისტემამ, Google-მა, საქართველოს და ქართველ ხალხს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სასიამოვნო და კრეატიული საჩუქარი გაუკეთა. ამ დილიდან, კომპიუტერის მომხმარებლებს, ვინც დახმარებისთვის გუგლს მიმართა, საქართველოს აფრიალებული ხუთჯვრიანი დროშის ქვეს უწევთ სასურველი ინფორმაციისა და ფაილის ძებნა. დროშაზე დაწკაპუნებით კი, შეუძლიათ, უამრავი იმფორმაცია მიიღონ საქართველოსა და კონკრეტულად, 26 მაისის შესახებ. ორიოდ სიტყვით გუგლზე: „Google-ის“ იდეა პირველად 1996 წლის იანვარში სამეცნიერო-კვლევით პროექტში დაიაბადა სტენფორდის უნივერსიტეტში, რომლის ავტორები იყვნენ ლერი პეიჯი და სერგეი ბრინი. ისინი ცდილობდნენ შეექმნათ სრულყოფილი საძიეობა სისტემა, რომელიც ყველას მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებდა. პირველ საძიებო სისტემას, რომელიც შექმნეს „BackRub” უწოდეს. ცოტა ხნის შემდგომ შეცვალეს სახელი და „გუგლი“ დაარქვეს, რომელიც დაკავშირებულია მათემატიკურ ტერმინთან “Googol” და ნიშნავს რიცხვს 1-ს მოყოლებული ასი ნული. ამ სისტემის შემქნელები ამბობდნენ, რომ სურდათ „გუგლი“ მომსახურებოდა ადამიანებს რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის საშუალებით. Sun Microsystems-ის დამფუძნებლის ენდი ბეხტოლშეიმის სახელს უკავშირდება კომპანია „Google-ის“ ლათინური მართლწერა – “Google”. ენდიმ, რომელიც იყო პირველი ინვესტორი ამ გიგანტში, ჩეკის გამოწერისას დაუშვა შეცდომა და სახელი დაწერა იმ ასოთა თანამიმდევრობით როგორც დღეს „გუგლი“ იწერება ლათინურად. ლერის და სერგეის მოუწიათ ფირმის თავიდან დარეგისტრირება ახალი სახელწოდებით, რათა გაენაღდებინათ პირველი ინვესტირებული თანხა 100 ათასი დოლარის ოდენობით. თავიდან „Google-ის“ კომპანია, მისი დამაარსებლების საერთო მეგობარი გოგოს გარაჟში იყო განთავსებული და პირველი მისი თანამშრომელი იყო მათი კურსელი კრეიგ სილვერსტეინი. უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ Google-ის საწყისი გვერდი არის თითქმის ცარიელი, HTML-ის არცოდნაა და მათ უბრალოდ სურდათ სწრაფი და მარტივი ინტერფეისი…”
მეგობრები მენატრება
მოდით, იქიდან დავიწყოთ, როდესაც ცხოვრების ჩვეულ რიტმს მივუყვებოდი, ყოველი ჩემი დილა 8 საათზე გაღვიძებით იწყებოდა, შემდეგ გაკვეთილების გადამეორებით და სკოლაში წასვლით… სკოლაში მისვლა სულ მიხაროდა და რადგან ვიცოდი, ჩემი კლასელები და მეგობრები დამხვდებოდნენ, ერთმანეთს მოვეხვეოდით და ასე მივესალმებოდით ერთმანეთს. შესვენებისას, ჟურნალის სარედაქციო ჯგუფი ვიკრიბებოდით და ახალ-ახალ თემებზე, სტატიებსა და სკოლაში დატრიალებულ მოვლენებზე ვსაუბრობდით. აი, მაგალითად, იმაზე, თუ დღეს სკოლაში რომელმა პედაგოგმა ჩაატარა ღია გაკვეთილი, ან რომელმა მოსწავლემ მიიღო რომელიღაცა პროექტში მონაწილეობა და ა.შ. ვიტყვი იმასაც, რომ ამ კორონაარდადეგების დროს, ხელთნაკეთი ნივთების შექმნა დავიწყე, როგორიცაა: სამაჯურები და ყულაბები. ყულაბების გაკეთება ძალიან მიყვარს, მას ქილებისგან ვაკეთებ, ძალიან ლამაზი გამოდის, სამაჯურების გაკეთება კი ონლაინ კურსებით ვისწავლე და იუთუბარხებით. ასევე ვესწრები ონლაინ გაკვეთილებს და ონლაინ შეხვედრებს… ამ იძულებით არდადეგების დროს, სკოლის გაზეთთან ერთად, online ჟურნალი „აზრთა სივრცე“-ც დავაარსე სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით. ხშირად გვაქვს ონლაინ შეხვედრები და მიხარია, რომ სტატიებზე და პროექტებზე ვმუშაობთ მთელი ჯგუფი. მეგობრებიც ძალიან მენატრება. რა თქმა უნდა, მათთან ვიდეო ზარით მაქვს კონტაქტი, მაგრამ მე მათი ჩახუტება და ლაივში ნახვა მსურს. იმედია, ეს თვითიზოლაცია და კარანტინი მალე დამთავრდება, თორემ უკვე ძალიან მოვიწყინე სახლში, არ შემიძლია ერთ ადგილას ჯდომა. “სულსწრაფს” და “მოუსვენარს” მეძახიან ჩემი ხასიათიდან და ქცევებიდან გამომდინარე, რადგან ყველაფრის სწრაფად და უმტკივნეულოდ მოგვარება მიყვარს. აი, ამ კორონამ კი, ყველაფერი ჩაანაცვლა და ეს მარტო მე კი არა, საქართველოს ბევრ მოქალაქეს არ მოსწონს. მეგობრებო, ყველას ჯანმრთელობას და კორონას დამარცხებას გისურვებთ, გთხოვთ, დარჩეთ სახლში და დავიცვათ ყველა საკარანტინო წესები. ირაკლი გვასალია, ინგირის #2 საჯ. სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე
ბზობა საუფლო დღესასწაულია
ბზობა, ბაიაობა — ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაული. ამ დღესასწაულის დადგომას, ქრისტიანები დიდი მოწიწებით ხვდებიან. დილიდან მომლოცველები ეკლესიებში მიდიან, წირვის დასასწრებად. მაგრამ, 2020 წელს ეს ცოტა განსხვავებულად მოხდა. Covid-19-მა უდიდესი ზიანი მოუტანა მთელ მსოფლიოს. ხალხი შეშინებულია, ერიდებიან სახლიდან გასვლას. თუ გავლენ, პირბადით და ხელთათმანებით. დღეს ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულია, დილით სახლიდან ფეხით წავედი კორცხელის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში. მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ ვიხილე ადამიანების რწმენა. მათ სჯერათ ღვთის მადლის. რამდენიმე საათით ყველას დაავიწყდა მსოფლიოში მიმდინარე მწვავე ვითარება. ამდენი ხნის შემდეგ, პირველად, ვნახე ადამიანების მხიარული სახე და გაბრწყინებული თვალები. ისინი, ტაძარში მშვიდად, დისტანციის დაცვით, ღებულობდნენ მონაწილეობას სადღესასწაულო რიტუალში. ბედნიერი ვიყავი, რომ მეც მხვდა წილად მათ გვერდით ყოფნა. ნანა თოლორაია, კორცხელის საჯარო სკოლა, “სარკმელელი”