შინაარსზე გადასვლა

სარკმელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი

ღია კარის დღე ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში

მთავარი

დღეს, ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრას. თითოეულ დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა სასახლეში არსებული ჯგუფებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღო. ღონისძიების მსვლელობისას დავარიგეთ ჩვენი კლუბის, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის ჟურნალი ,,სარკმელი” და დაინტერესებულ პირებს მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენს შესახებ. ირაკლი გვასალია, „სარკმელი“ ინგირის #2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე.

ოქტომბერი 8, 2021 / 0 კომენტარები
გაიგე მეტი

გუდაურული ჩანაწერები

მთავარი

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს კიდევ ერთი ახალი და საინტერესო პროექტი შეემატა „დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით“, რომელსაც ახორციელებს ჩეხური ორგანიზაცია People In Need . ექვსი თვის განმავლობაში ტრენინგებს გვიტარებდნენ ფასილიტატორები: ნანი მოსიძე და მედეა თორია. ტრენინგების დასრულების შემდეგ, სამი ახალგაზრდა, მე, ლიზა ქავთარაძე და ხატია წყაროზია, გუდაურში გავემგზავრეთ პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში. წარმოდგენილი ტრენინგი, რომელსაც ჩვენ ვესწრებოდით, განკუთვნილი იყო საქართველოს ოთხი რეგიონის (სამეგრელო, იმერეთი, ჯავახეთი და ქვემო ქართლი) ახალგაზრდა ლიდერებისთვის. რვა ივლისს, გუდაურში ერთად გავემგზავრეთ ახალგაზრდები ზუგდიდიდან, ჯვარიდან და ხობიდან. დაახლოებით ორ საათზე დანიშნულების ადგილზე, სასტუმრო „მარკო პოლოში“ და საკონფერნციო დარბაზში ვიყავით. მოვისმინეთ PIN-ის პროგრამების მენეჯერის, თინათინ ჯაფარიძის, PIN-ის კონსორციუმის მენეჯერის, გიორგი ჯანგიანის და მედიაწიგნიერების პროექტის მენეჯერის ანა ქოჩუას მისასალმებელი სიტყვები. შემდეგ კი,  საინტერესო მომენტი დადგა, ერთმანეთის გაცნობის ეტაპი. ჩვენთან ერთად აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდებიც იყვნენ. ძალიან მაინტერესებდა მათი აზრები, შეხედულებები და გამიხარდა, რომ მათი გაცნობის საშუალება მომეცა. მონაწილეები ძალიან თბილები და მეგობრულები იყვნენ, რამაც კარგი ატმოსფერო შექმნა და ჩვენც სწრაფად დაგვაახლოვა ერთმანეთთან. პირველ ტრენინგს მანანა ქველიაშვილი გაუძღვა. ის მედია პროდუქტების წარმოებას შეეხებოდა. ჩვენივე ტელეფონებით ჩავწერეთ ინტერვიუები და გადავიღეთ ვიდეოები, რაც დარწმუნებული ვარ, ჩემს ამჟამინდელ საქმიანობაში ძალიან გამომადგება. ვახშმის შემდეგ ძალიან კარგი თამაში “კობო” ვითამაშეთ, სადაც ბევრი სახალისო დავალება იყო გაერთიანებული. ჯერ ერთად ვიმღერეთ „ჟუჟუნა წვიმა“, შემდეგ საკმაოდ  ვირბინეთ, რომ მოგვეძებნა ადამიანი, ვინც მოგვცემდა ინტერვიუს სამაგიდო თამაშების შესახებ. „მაკარენაც“ კი ვიცეკვეთ და სასაცილო ფოტებიც გადავიღეთ. ამ ფოტოებისა და ვიდეოების ნახვის შემდეგ ყველამ ვიხალისეთ. საღამოს ყველამ ერთად ვითამაშეთ ბილიარდი და ბოულინგი. ჩვენთან ერთად გიორგი ჯანგიანი იყო და გვეხმარებოდა.  ვისიამოვნეთ და თანაც ძალიან დავიღალეთ, თუმცა, თურმე, ნამდვილი დაღლა წინ გველოდა… ცხრა ივლისს, დილაადრიან გავიღვიძეთ და საუზმის შემდეგ ჩვენი ინტერვიუები განვიხილეთ. რეკომენდაციების გაცემის შემდეგ კი ახალი ტრენინგი დაიწყო, რომელსაც ძალიან ენერგიული ტრენერი, მარიამ ქობალია უძღვებოდა. შევასრულეთ სახალისო აქტივობა და ასოების ლაბირინთში სიტყვები ვიპოვეთ. რამდენიმე „ქარიშხლის“ შემდეგ კი ტრენინგი დაიწყო. ტერმინები, რომლებიც თავიდან რთულად მოგვეჩვენა, მარიამმა იმდენად გაგვიმარტივა, რომ იმდღესვე შევძელით საკუთარი პროექტებისთვის პრობლემების რუკის შედგენა. ჯგუფური თამაშიც ვითამაშეთ, სადაც მთავარი სტრატეგიის დასახვა იყო და ვფიქრობ, ოცდაათივე ახალგაზრდამ, ერთიანი ჯგუფი შევკარით და ჩვენი თამაში წარმატებულად დავასრულეთ. დისკუსიის, თეორიული მასალების და პრაქტიკულიი მუშაობის შემდეგ შევისვენეთ. საღამოს ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმს „ბრისტოლის ველოსიპედების პროექტი“ ერქვა და სამოქალაქო აქტივიზმს შეეხებოდა. ვნახეთ ორი ემიგრანტის ისტორია, რომლებმაც თავიანთ სამშობლოებში (ავღანეთსა და სომალიში) ბევრი ცუდი რამ გადაიტანეს და ამის გამო იძულებულნი გახდნენ დიდ ბრიტანეთში წასულიყვნენ. ფილმმა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ფილმის ნახვის შემდეგ, სერთიფიკატებით დაგვაჯილდოვეს და „ტორტი ფართიზე” მიგვიწვიეს. გუდაურში ყოფნის ბოლო დღეც დატვირთული იყო. ჩვენი პროექტები დავწერეთ. განვსაზღვრეთ მიზნები, ამოცანები და პრობლემების გადასაჭრელად აქტივობებიც მოვიფიქრეთ. ყველაფერი კარგად გამოგვივიდა. აუცილებლად უნდა გაგაცნოთ ერთი პატარა გოგონა, სალომე. სალომე პროექტის მენეჯერის, ანას შვილია და ყველა მონაწილეს დაგვამახსოვრა თავი. უამრავი ფოტო გადაგვიღო, ჩვენთან ერთად თამაშობდა და ხელის გადაწევის კონკურსიც კი მოაწყო. იმდენად მალე შეგვაყვარა თავი, რომ მისი აქ არაღნიშვნა დანაშაულის ტოლფასია. ახლა, ამ ყველაფერს, შთაბეჭდილებებით სავსე ვწერ და ბევრი ისეთი შეგრძნება მაქვს ერთად, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ბედნიერი ვარ რომ მომეცა ამ პროექტში მონაწილეობის და ახალი ნაცნობობის საშუალება. თუმცა ყველაფერი აქ არ სრულდება. მალე, კიდევ ბევრი სიახლე გვექნება, მაგრამ ეს უკვე  მომავლის ისტორიაა… სალომე ნარმანია,  „სარკმელი“ ქ. ზუგდიდის #2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

ივლისი 12, 2021 / 0 კომენტარები
გაიგე მეტი

„დიდრო“ სასახლის სცენაზე

მთავარი

ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დრამატულმა სტუდიამ “შთამომავლები“, ნონა ტოტოჩავას ხელმძღვანელობით წარმოადგინა სპექტაკლი „დიდრო“, რომელიც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა და მიეძღვნა სასახლის დირექტორის, ნინელი ჭითანავას ნათელ ხსოვნას. სპექტაკლში მონაწილეობდნენ დრამატული სტუდია „შთამომავლების“ მსახიობები: გიორგი ქადარია, დავით შედანია, მარიამ ხუფაცარია, კესო ფირცხელავა, მარიამ ფიფია, საბა შენგელაია, ლაზარე ლაშხია, შირიმი ბოხუა, ირაკლი გვასალია, გიორგი კიტია, ანანო წურწუმია, სანდრო ხუბუა, ლია ქარდავა, საბა ხუბუა. სპექტაკლზე დასწრება თავისუფალი იყო და ჩატარდა რეგულაციების დაცვით. ირაკლი გვასალია, „სარკმელი“ ინგირის #2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე.

ივნისი 17, 2021 / 0 კომენტარები
გაიგე მეტი

ნანა საჯაია – ცხოვრებაში მთავარია არ გაჩერდე! არც თქვენ გაჩერდეთ!

მთავარი

დღეს სასახლეში Fox news-ის პოლიტიკის პროდიუსერი, ჟურნალისტი, ნანა საჯაია გვეწვია. ქალბატონი ნანა ჯერ “სარკმელის” ნიუსრუმს ესტუმრა,- მოისმინა ჩვენი ჟურნალის ისტორია,  ნომრები დაათვალიერა, ჩვენს ტრადიციას შეუერთდა და კედელზე სამახსოვრო ფრაზა დაგვიტოვა, შემდეგ კი, სასახლის დარბაზში ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს გაგვესაუბრა და თავისი გამოცდილების შესახებ მოგვიყვა. ამბობს, რომ თავიდან ჟურნალისტობაზე არ უფიქრია. დარწმუნებული მხოლოდ იმაში იყო, რომ სწავლა საზღვარგარეთ უნდა გაეგრძელებინა. სწორედ ამიტომ, უცხო ენის სწავლა გადაწყვიტა. აზრი შეიცვალა მაშინ, როცა ამერიკელი ჟურნალისტისთვის თარჯიმნობა მოუწია. სწორედ მაშინ ჰქონდა პირველი შეხება ჟურნალისტიკასთან. ამის შემდეგ იყო „ჯიპას“ კურსები. ამბობს, რომ მაშინ არანაირი განსაკუთრებული ნიჭი არ ჰქონია, თუმცა მოახერხა გასაუბრებაზე დაერწმუნებინა იმ დროის ტელევარსკვლავები, შანსი მიეცათ მისთვის გამხდარიყო ჟურნალისტი.  “მთავარი მორალი რაც არის, თუ თქვენ არ იცით დღეს ვინ უნდა გამოხვიდეთ, ამაზე დიდად არ ინერვიულოთ. მე რეალურად ჟურნალისტობა გადავწყვიტე როცა ვიყავი 21 წლის.” ერთი წლით ამერიკაში, გაყინულ ჩრდილოეთ დაკოტაში გაემგზავრა. “ფარგოზე არაფერი ვიცოდი. იქ წელიწადში ექვსი თვე თოვდა და საინტერესოც არაფერი ხდებოდა. სახლის გარდა მხოლოდ სურსათისა მაღაზიასა და ბიბლიოთეკაში დავდიოდი. გასართობი ადგილები არ იყო და ეს ჩემთვის კარგი აღმოჩნდა.” ერთი წლის შემდეგ საქართველოს დაუბრუნდა. აქ ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა ქართულ მედიაში.   შემდეგ ამერიკაში გაემგზავრა. “თავიდან როცა წავედი ვფიქრობდი: ახლა ერთწლიანი პროექტი მაქვს. წავალ, ვნახავ რა გამომივა და ამის შემდეგ გადაწყდება, მე აქ დავრჩები თუ დავბრუნდები. ახლა უკვე შვიდი წელია რაც მე ამერიკაში ვცხოვრობ.” ქალბატონმა ნანამ გვაჩვენა თავისი რეპორტაჟები, ფოტოები. თან ყოველი მათგანის ისტორიაზე გვესაუბრებოდა და გვიყვებოდა როგორ იზრდებოდა  როგორც ჟურნალისტი. Fox news-ზე ორი წელია  მუშაობს. რვა თვის განმავლობაში უამრავი აპლიკაციის გაგზავნის შემდეგ მოხვდა იქ. თავიდან ერთი გადაცემის პროდიუსერი იყო, ახლა ოთხ გადაცემაზე მუშაობს. კითხვაზე, როგორია მისი, როგორც ჟურნალისტის ერთი დღე, გვიპასუხა რომ ის არასდროსაა ისეთი, როგორიც გუშინ იყო და მისი დღე დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ გადაცემაზე მუშაობს. ნანა საჯაიამ „სარკმელის“ კედლებზე ასეთი წარწერა დაგვიტოვა: “ცხოვრებაში მთავარია არ გაჩერდე! არც თქვენ გაჩერდეთ!” სალომე ნარმანია, „სარკმელი“ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე

ივნისი 16, 2021 / 0 კომენტარები
გაიგე მეტი

PEN-მარათონი “სარკმელი2021” ქართულ-მეგრული პერიპეტიებით

მთავარი

დღეს,  12 ივნისს,  მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბ „სარკმელის“  ლიტერატურული პროექტი  PEN-მარათონი 2021 ჩატარდა. წლევანდელი PEN-მარათონის ჩასატარებლად ზუგდიდში, დადიანების ბოტანიკურ ბაღში შევიკრიბეთ და ის ყველასგან გამორჩეული გახლდათ, რადგან ორენოვანი იყო. მოგვეცა საშუალება ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი ფურცელზე ქართულად და მეგრულად გადაგვეტანა. ფენმარათონისთვის ორი თემა შეირჩა: „ნიავის მოყოლილი ამბები“ და „სქან სანთელო მა.“ მარათონში მონაწილეობდა 40-მდე შემოქმედი ახალგაზრდა. მათ შორის წალენჯიხის, ინგირისა და ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები, აფხაზეთის პირველი და ზუგდიდის მეათე და მეთორმეტე საჯარო სკოლის მოსწავლეები, „ნაპერწკლელები“ და რა თქმა უნდა „სარკმელელები“. ასევე უფროსი „სარკმელელებიც“. წლევანდელი PEN-მარათონი რიგით მეოთხე იყო. პირველი ჩატარდა ყვარელში, მეორე – რუხში, მესამე – შეკვეთილში. დიდი ალბათობით შემდეგი სვანეთში ჩატარდება, რადგან სამენოვან (ქართულ, მეგრულ და სვანურ) PEN-მარათონს გვპირდებიან. PEN-მარათონის პარტნიორი ორგანიზაცია „საქართველოს უნივერსიტეტია“. ქალბატონმა მაია ღუბელაძემ ბლოკნოტები და კალმები გადმოგვცა. თხზულებები დავწერეთ და დღე მარიამ კუტალიას „პოეზიის წუთებით“ დავასრულეთ. მან წაგვიკითხა ლექსები და ერთი ჩანახატი. ჩემი ფავორიტი „შენ ჩემი გულის ნამსხვრევებზე წევხარ“ იყო. ყველაფერმა სასაიამოვნოდ ჩაიარა. მონაწილეები ერთმანეთს ვუზიარებდით შთაბეჭდილებებს და ჩვენს ნამუშევრებზე ვსაუბრობდით… მალე ჩვენთვის უცნობი ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს. ეს უკვე სხვა ისტორიაა, რომელზეც მალე მოგიყვებით… სალომე ნარმანია “სარკმელი” ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე

ივნისი 12, 2021 / 0 კომენტარები
გაიგე მეტი

22 აპრილი ,,დედამიწის დღეა”

ახალი ამბები,  მთავარი

ჩვენი ვალია, ყური დავუგდოთ დედამიწის სუნთქვას. მის გაფრთხილებას. დავიცვათ გარემო, რომ მან კი არ დაგვაზიანოს, არამედ, ჩვენს ცხოვრებას მეტი ლაზათი მისცეს და  ორგანიზმს კი ჯანმრთელობა შესძინოს .

აპრილი 23, 2021 / 0 კომენტარები
გაიგე მეტი

ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ისინი!

მთავარი

32 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის საშინელი ტრაგედიიდან, როცა რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარის ელიტარულმა ნაწილებმა ნიჩბების, მხუთავი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაახლოებით 10 ათას კაციანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია უსასტიკესად დაარბიეს. აზა ადამია, 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის; ეკა ბეჟანაშვილი, 15 წლის ნატო გიორგაძე, 23 წლის; თამუნა დოლიძე, 28 წლის; თინა ენუქიძე, 70 წლის; ნინო თოიძე, 22 წლის; ზაირა კიკვიძე, 61 წლის; მანანა ლოლაძე, 34 წლის თამარ მამულაშვილი, 50 წლის; ვენერა მეტრეველი, 45 წლის; მამუკა ნოზაძე, 21 წლის ნანა სამარგულიანი, 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის; მარინა ჭყონია–სამარგულიანი, 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის; თამარ ჭოველიძე, 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის; მზია ჯინჭარაძე, 43 წლის; მანანა მელქაძე, 26 წლის გია ქარსელაძე, 25 წლის. ჩვენ  არ უნდა დავივიწყოთ ისინი!

აპრილი 9, 2021 / 0 კომენტარები
გაიგე მეტი

გამოვიდა საბა ჯანჯღავას ფილმი “1878”

ახალი ამბები

აჭარანეტზე გამოქვეყნდა ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის წევრის “საკმელელის”, ამჯამად უკვე საქართველოს თეატრალური უნივერსიტეტის კინომცოდნეობის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტის საბა ჯანჯღავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი “1878”.  ფილმი მოკლემეტრაჟიანია, მიმდინარეობს 11 წუთი, მიეკუთვნება დრამისა და მელოდრამის ჟანრებს. ფილმში მოქმედება ვითარდება ზუგდიდში და მასში დაკავებული მსახიობები არიან ზუგდიდელები:  მარიამ გოგუა და გიორგი ქადარია.

ოქტომბერი 18, 2020 / 0 კომენტარები
გაიგე მეტი

“სარკმელელის”ანგარიში “სარკმელს”

ახალი ამბები

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბში “სარკმელი,” შედგა ზუმშეხვედრა უფროს “სარკმელელთან” ისტორიის ექსპერტთან, ზაზა მანიასთან, რომელმაც “სარკმელის” ახალ თაობასთან შეხვედრაზე გაიხსენა 25 წლის წინანდელი “სარკმელისა” და “სარკმელელების” ცხოვრება. ზაზა მანიასთან ერთად, “სარკმელელებმა” დაგეგმეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლე გახდეს ინიციატორი და დამფუძნებელი “კროსვორდის ფესტივალის”, რომელიც სავარაუდოდ, ღია სივრცეში ჩატარდება და ჩაერთვება კროსვორდის მოყვარული ყველა თაობის წარმომადგენელი. და კიდევ: უფროსი თაობის “სარკმელელი” ფიქრობს, ვიკიპედიისთვის მოამზადოს “სარკმელის” ცხოვრების ბიოგრაფია.

ოქტომბერი 18, 2020 / 0 კომენტარები
გაიგე მეტი

ჩანაწერების გვერდებათ დაშლა

1 2 … 8 შემდეგი
Royal Elementor Kitთემა .WP Royal მიერ